მთავარი > პლასტიკური ქირურგია > რეკონსტრუქციული ქირურგია > მკერდის რეკონსტრუქცია
მკერდის რეკონსტრუქცია

 
ქალის მკერდის რეკონსტრუქციული ქირურგია მჭიდროდაა დაკავშირებული სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიურ დაავადებებთან. დასავლეთის ქვეყნებში მკერდის რეკონსტრუქცია ერთ–ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი ოპერაციაა რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.
ბოლო დროს ონკოლოგიაში ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით დადგენილია, რომ ქალების 12% ავადდება სარძევე ჯირკვლების კიბოთი. ასევე ცნობილია, რომ ბოლო 10–15 წლის მანძილზე ამ დაავადებამ ორჯერ უფრო მოიმატა, ამავე დროს მამოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევების შემოღებამ შესაძლებელი გახადა სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიების გამოვლინება. ამან თანამედროვე ონკოლოგებს მისცა დამზოგველი და ორგანშემნარჩუნებელი ოპერაციების ჩატარების საშუალება.
ძნელად წარმოსადგენია იმ ქალის მდგომარეობა, რომელმაც ონკოლოგიური დაავადების გამო დაკარგა ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვალი. ასეთი ავადმყოფების უმრავლესობას უვითარდება სხვადასხვა ხასიათის და ხარისხის ფსიქონევროლოგიური რეაქციები, რასაც განაპირობებს ერთის მხრივ ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა, მეორე მხრივ კი ქალურობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტის, მკერდის დაკარგვა. ადრე ამ დეფექტის დაფარვის მიზნით ქალები მიმართავდნენ სხვადასხვა ხერხს, ბიუსჰალტერში იდებდნენ სპეციალურ მოწყობილობას. ბოლო დროს შემოღებულია სილიკონის პროტეზები გარეგანი ფიქსაციისთვის, მაგრამ მათ მაინც არ შეუძლიათ სრულად აუნაზღაურონ ქალს დანაკარგი.
ძნელია დაარქვა გარეგანი პროტეზის ტარებას კარგი რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში, რომელთაც ფიზიკური ნაკლი – მკერდის არარსებობა უქმნის გაშიშვლებისთვის სერიოზულ პრობლემებს. ამ რთული პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ქირურგიული რეაბილიტაციის გზით. ასეთი კატეგორიის პაციენტებში რეკონსტრუქციული ოპერაციების ჩატარების შედეგად შესაძლებელია მკერდის აღდგენა და ნორმალური მკერდისთვის მაქსიმალურად მიახლოებული ფორმის მიღება.
მკერდის რეკონსტრუქციის (აღდგენის) მიზნით გამოიყენება სამი მეთოდი:
1. სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია ხელოვნური მასალებით (ექსპანდერი, იმპლანტები)
2. სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია პაციენტის აუტოქსოვილების გამოყენებით.
3. კომბინირებული რეკონსტრუქცია, იმპლანტების გამოყენება ქსოვილოვან აუტოტრანსპლანტანტებთან კომბინაციაში.
 

 
მკერდის რეკონსტრუქცია დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ქირურგიის აქტუალურ პრობლემას. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 1897 წელს იგინიო ტანსინიმ (Iginio Tansini) რადიკალური მასტექტომიის შედეგად წარმოქმნილი დეფექტის დაფარვის მიზნით გამოიყენა თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაციის მეთოდი.
ჰოლმსტრიომმა (Holmstriom) 1979 წელს პირველმა ჩაატარა ვასკულარიზებული TRAM–ნაფლეთის (მუცლის სწორი კუნთების საფუძველზე შექმნილი კან–კუნთოვანი ნაფლეთი) თავისუფალი გადანერგვა. შესაძლებელია ამ ნაფლეთის შემობრუნებაც კუნთოვან ფეხზე, თუმცა სპეციალისტების უმრავლესობის აზრით ამ შემთხვევებში ირღვევა ნაფლეთის ადეკვატური სისხლმომარაგება, მიღებული შედეგიც ნაკლებად ესთეტიკურია და ჩნდება პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქრის განვითარების რისკი.
კოშიმას (Koshima) მიერ, 1989 წელს მოწოდებული და გამოყენებული, პერფორანტულ სისხლძარღვებზე მუცლიდან აღებული, კან-ფასციალური DJEP-ნაფლეთი, იძლევა ვენტრალური თიაქრების განვითარების თავიდან აცილების საშუალებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის ტრავმატულობას.
თანამედროვე სილიკონის იმპლანტების ევოლუციაში რომელიც დაიწყო 1962 წლიდან, მას შემდეგ რაც კრონინმა (Cronin) და გეროუმ (Gerow) პირველად გამოიყენეს ისინი მკერდის გადიდების მიზნით, შესაძლებელი გახადა სილიკონის იმპლანტებისა და ექსპანდერების ფართო გამოყენება თანამედროვე მკერდის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, მათი მოდერნიზაციისა და განვითარების ხარჯზე.
 

 
საქართველოში მკერდის რეკონსტრუქციული ოპერაციები პირველად დაიწყო ჩვენს კლინიკაში 90–იანი წლების დასაწყისში. ჩვენ ვიყენებთ მკერდის რეკონსტრუქციის სამივე მეთოდს. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ერთ მომენტად მასტექტომიის დროს, ისე გადავადებულად.
ჩვენს კლინიკაში ერთმომენტიანი ოპერაციები ტარდება წამყვან ონკომამოლოგებთან ერთად  და ერთმომენტიანი თუ გადავადებული რეკონსტრუქციის ჩატარების საკითხი წყდება მათთან შეთანხმებით.
 

 
ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც მასტექტომიის შემდეგ რჩება მოძრავი და საკმარისი სიგრძის კანი და კანქვეშა ქსოვილი და შენარჩუნებულია მკერდის დიდი კუნთი. ამ დროს ქსოვილების მატება შესაძლებელია ექსპანდერული დერმოტენზიის გამოყენებით.
ექსპანდერის შერჩევა ხდება ჯანმრთელი სარძევე ჯირკვლის მოცულობასა და ფუძის ფართობის მიხედვით და მისი იმლანტაცია წარმოებს მოკვეთილი მკერდის არეში, შუათანა ხაზისა და სუბმამარული ნაოჭის დონის გათვალისწინებით.
ხსნარის პერიოდული შეყვანით ექსპანდერის მოცულობა მატულობს და ამის ხარჯზე ქსოვილები იწელება. ექსპანდერის ტიპის მიხედვით ოპერაცია შესაძლებელია იყოს ერთ ან ორ ეტაპიანი.
პირველ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. ექსპანდერ–იმპლანტი. მას შემდეგ რაც ის მიაღწევს საჭირო მოცულობას, ექსპანდერი უკვე იმპლანტის როლს ასრულებს. ორეტაპიანი ოპერაციის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ექსპანდერი გაიბერება იღებენ და მის მაგივრად დებენ ენდოპროტეზს. ტექნიკურად ეს ოპერაციები საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, იძლევა კარგ კოსმეტიკურ შედეგს, ნაკლებად ტრავმატულია და ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს ხანმოკლეს.
 

 
 ამ მეთოდმა ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ვინაიდან აუტოქსოვილებით მკერდის რეკონსტრუქცია შესაძლებელია იქ სადაც ექსპანდერების ან იმპლანტების გამოყენება შეუძლებელია ან არასასურველია. ამასთან ერთად აუტოქსოვილების გამოყენებით შესაძლებელია ესთეტიკურად უფრო მისაღები ფორმის მკერდის შექმნა და შედეგიც მუდმივია.
მკერდის რეკონსტრუქციისთვის შესაძლებელია სხვადასხვა ნაფლეთის გამოყენება, თუმცა ყველაზე უფრო გავრცელებულია კან–კუნთოვანი თორაკოდორსალური ნაფლეთი, კან–კუნთოვანი TRAM-ნაფლეთი და კან ფასციური DIEP–ნაფლეთი.

თორაკოდორსალური აუტოტრანსპლანტანტით მკერდის რეკონსტრუქცია ნაჩვენებია პაციენტებში პატარა და საშუალო ზომის მკერდით. ოპერაცია მდგომარეობს ზურგის გვერდითა ზედაპირიდან სისხლძარღვოვან ფეხზე აღებული თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაციაში მკერდის არეში. თორაკოდორსალური კუნთის აღება დონორული ზონის ფუნქციისთვის საზიანო არაა.
 

 
ეს მეთოდი ნაჩვენებია პაციენტებში საშუალო და დიდი ზომის მკერდით. კან–კუნთოვან TRAM-ნაფლეთს იღებენ მუცლის წინა ზედაპირიდან, იგი შედგება კან–ცხიმოვანი შრისა და მუცლის სწორი კუნთის ნაწილისგან. თავისუფალი, ვასკულარიზებული TRAM-ნაფლეთის გამოყენების შემთხვევაში ვენტრალური თიაქრის განვითარების რისკი გაცილებით უფრო მცირეა ვიდრე მისი კუნთოვან ფეხზე როტაციის დროს.
ესთეტიკური შედეგიც თავისუფალი ნაფლეთის გამოყენების შემთხვევაში გაცილებით უფრო მისაღებია.
 

ეს მეთოდი ნაჩვენებია პაციენტებში საშუალო და დიდი ზომის მკერდით. DIEP–ნაფლეთს იღებენ მუცლის წინა ზედაპირიდან, მხოლოდ TRAM-ნაფლეთისგან განსხვავებით ის კან–ფასციურია, ანუ არ ხდება სწორი კუნთის აღება, რაც გამორიცხავს ვენტალური თიაქრის განვითარების საშიშროებას. როგორც DIEP ისე TRAM ნაფლეთის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად მკერდის აღდგენა და მუცლის დაპატარავება. 2008 წლის ივლისში, პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში ჩატარდა მკერდის აღდგენა DIEP–ნაფლეთის გამოყენებით.

თავი
სხეულის ქვედა ნაწილი