მთავარი > პლასტიკური ქირურგია > ესთეტიკური ქირურგია > აბდომინოპლასტიკა
აბდომინოპლასტიკა

 
აბდომინოპლასტიკა ეს არის ოპერაცია, რომლითაც შესაძლებელია მუცლის ფორმის კორექცია, მისი მოცულობაში შემცირება, მშობიარობის შემდგომი ელასტიურობა დაკარგული, ჩამოკიდებული კანის მოშორება. მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება, წელის გამოყვანა. ოპერაციის არსია ზედმეტი კან–ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება, ჭიპის პლასტიკა, მუცლის წინა კედლის გამაგრება. მუცლისა და წელის კონტურების გამოყვანა და ბოქვენის ზემოთ შეუმჩნეველი ნაწიბურის ფორმირება.
საქართველოში აბდომინოპლასტიკისადმი ესთეტიკური მიდგომა პირველად შეიმუშავეს ჩვენი კლინიკის თანამშრომლებმა. დღესდღეობით ჩვენ აბდომინოპლასტიკას ვაკეთებთ სახესა და სხეულის სხვადასხვა ოპერაციებთან კომბინაციაში.
90–იანი წლების ბოლოდან დაწყებული ჩვენს კლინიკაში აბდომინოპლასტიკა ხშირად ტარდება ლიპოსაქციასთან ერთად. ეს ორი მეთოდი ავსებს ერთმანეთს, რითაც მიიღება მაქსიმალურად სასურველი ესთეტიკური შედეგი როდესაც აღინიშნება მოშვებული, ჩამოკიდებული კანი მხოლოდ ჭიპის ქვემოთ, ჩვენ ვაკეთებთ მინიაბდომინოპლასტიკას ჭიპის პლასტიკის გარეშე.
 

 
პირველად მუცლის ზომაში შემცირების ოპერაცია ჩაატარა ამერიკელმა ქირურგმა ჯ. ა. კელიმ (G. A. Kelly) 1899 წელს. მან გამოიყენა დერმოლიპექტომიის მეთოდი (მხოლოდ კან–ცხიმოვანი ნაფლეთის ამოკვეთა, ქსოვილების მობილიზაციის გარეშე).
1905 წელს გოდემ (Goudet) და მორესტიმ (Morestin) გააკეთეს კან–ცხიმოვანი ნაფლეთის ამოკვეთა ჭიპის შენარჩუნებით და თიაქარკვეთა.
1916 წელს ბაბკოკმა (Babcock) ჩაატარა კან–ცხიმოვანი ნაფლეთის ამოკვეთა და ქსოვილთა ფართო აშრევება, რითაც შეძლო შეეცვალა მუცლისა და წელის კონტურები.
1967 წელს ბრაზილიელმა ქირურგმა პიტანგუიმ (Pitanguy) პირველმა აღწერა ოპერაციის ეტაპები და ჩამოაყალიბა ახალი სტანდარტები, რომლის საფუძველზეც ახლაც აფასებენ მიღებულ შედეგებს.
ეს სტანდარტებია: შეუმჩნეველი ნაწიბური ბოქვენის ზემოთ, კან–ცხიმოვანი ნაფლეთის საკმარისი მობილიზაცია, ჭიპის პლასტიკა და მუცლის წინა კედლის აპონევროზის გამაგრება.
 

აბდომინოპლასტიკის ჩვენებებს წარმოადგენს დაკიდებული მუცელი, კანის წინსაფრის არსებობა, ჭარბი ცხიმის დაგროვება, სტრიების არსებობა, მუცლის სწორი კუნთების დისტაზი(დაცილება), ჭიპის, ცენტრალური და თეთრი ხაზის თიაქრები. როგორც წესი ეს ცვლილებები დაკავშირებულია გენეტიკურ მიდრეკილებებთან, ორსულობასთან, მშობიარობასთან, ჭარბ წონასთან და მკვეთრ გახდომასთან.

 
ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგრძლივობა 2–5 საათია. განაკვეთი კეთდება ბიკინის დონეზე. ნაკერის ასეთი მდებარეობა საშუალებას იძლევა მთლიანად დაიფაროს ის ქვედა თეთრეულით ან ღია საცურაო კოსტიუმით.
მეგააბდომინოპლასტიკის შემთხვევებში კეთდება ინვერსიული T–ს მაგვარი განაკვეთი.
ოპერაციის დროს სრულდება კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის აშრევება და ამოკვეთა. მუცლის სწორი კუნთების დიასტაზის შემთხვევაში კეთდება მუცლის კუნთოვანი კორსეტის აღდგენა. თიაქრის არსებობისას - თიაქარკვეთა.
სტანდარტული აბდომინოპლასტიკების დროს ტარდება ჭიპის გადატანა და პლასტიკა. მხოლოდ ჭიპის ქვემოთ არსებული მოშვებული და ჩამოკიდებული კანის შემთხვევაში კეთდება მინიაბდომინოპლასტიკა ჭიპის პლასტიკის გარეშე.
აუცილებლობის შემთხვევაში აბდომინოპლასტიკას შეიძლება დაერთოს გვერდების, ზურგის და სხეულის სხვა ნაწილების ლიპოსაქცია. 40 კგ–ზე მეტის დაკლების შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება არა მხოლოდ მუცლის წინა კედლის ფტოზი, არამედ დუნდულოების და ბარძაყების კანის ჩამოკიდებაც, ასეთ დროს ნაჩვენებია ბოდილიფტი(იხ. ბარიატრიული ქირურგია). ამ მეთოდების კომბინაციის მნიშვნელოვანი შედეგია მყარი ეფექტის მიღება, მინიმალური ოპერაციის შემდგომი ნაკერები და მაღალი ესთეტიკური შედეგი. ოპერაციის შემდგომ პერიოდში 4 კვირის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. ოპერაციის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დრენაჟების დაყენება, რომლებსაც იღებენ 2–4 დღის შემდეგ.
 

 
ჩარევის მოცულობის მიხედვით პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე 3–6 დღეში. სამუშაოზე გასვლა შესაძლებელია 1–2 კვირის შემდეგ. ნაკერებს ხსნიან 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს მუცლის წინა კედლის კანის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარება შეიძლება ორი კვირის შემდეგ.
ფიზიკური დატვირთვა სრული მოცულობით 2 თვეში. ნაწიბურის საბოლოო ჩამოყალიბება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.
 
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი