მთავარი > პლასტიკური ქირურგია > ესთეტიკური ქირურგია > ლიპოსაქცია
ლიპოსაქცია

ეს არის ეფექტური ქირურგიული მეთოდი რომლის საშუალებითაც მცირე განაკვეთებიდან (0,3–0,5 სმ) ვაკუუმური საქაჩით ცხიმის ამოტუმბვით შესაძლებელია სხეულის კონტურების კორექცია.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ ლიპოსაქცია არ არის ჭარბ წონასთან ბრძოლის მეთოდი.
ცხიმის დაგროვება უპირატესად ხდება გენეტიკურად განპირობებულ ადგილებში (გალიფე, დუნდულოები, მუცელი, ბარძაყების შიდა ზედაპირი და მუხლებისა და ნიკაპის არეში) და მისი მოცილება დიეტოთერაპიით შეუძლებელია.
ცხიმის დაგროვების არატრადიციული ზონებია "ბიზონის კუზი", ლოყები, მხრები, ზურგი. თანამედროვე გამოკვლევებით დადგენილია, რომ ცხიმის ლოკალური დაგროვება აღნიშნულ ზონებში არ რეაგირებენ სტრესულ ჰორმონებზე რომლებიც იწვევენ ცხიმის წვას. ამით აიხსნება გახდომის საშუალებით სხეულის კორექციის არაეფექტური მცდელობა.
ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება დამოკიდებულია მემკვიდრეობით ფაქტორებზე და სქესზე. გახდომის შედეგად მცირდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა, თუმცა სხეულის კონტური უცვლელი რჩება. ამგვარად ლიპოსაქცია წარმოდგენს სხეულის კორექციის ოპტიმალურ მეთოდს.
საქართველოში პირველი ტუმინესცენტური ლიპოსაქცია გაკეთდა და პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა ჩვენს კლინიკაში 90–იანი წლების დასაწყისში. 2001 წელს პირველად ჩატარდა ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. ლიპოსაქციის გარდა გამოიყენება აგრეთვე ლიპოფილინგის მეთოდი – კანქვეშ საკუთარი ცხიმის შეყვანა.
 

პირველი წარმატებული ლიპოსაქცია 1974 წელს ჩაატარა იტალიელმა გინეკოლოგმა გ. ფიშერმა (G. Fischer) გინეკოლოგიური კიურეტის საშუალებით, პაციენტი კი მისი მეუღლე იყო.
1977 წელს ილოუზმა (Illouz) და ფერნიემ (Fournier) შეიმუშავეს და პრაქტიკაში დანერგეს ბლაგვთავიანი კანულები.
1985 წელს ჯ. კლაინმა(J. Klein) შეიმუშავა სპეციალური ხსნარი ლიპოსაქციის ჩასატარებლად (ტუმინესცენტური ლიპოსაქცია).
ულტრაბგერითი ლიპოსაქციის პიონერად ითვლება ზოკი (Zocci).

ლიპოსაქციის ჩვენებას წარმოადგენს ლოკალური ცხიმგროვების არსებობა. ასეთი ცხიმგროვები შეიძლება იყოს რამდენიმე ადგილას ერთად, მაგ.: გალიფე, დუნდულოები, მუცელი.

ოპერაცია უპირატესად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, თუმცა შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიის პირობებშიც. ოპერაციის ხანგძლივობა დამოკიდებულია იმ ზონების რაოდენობაზე სადაც ტარდება ლიპოსაქცია და გრძელდება 30 წთ–დან 3სთ–მდე. განაკვეთი კანზე არ აღემატება 0,5 სმ–ს.
ოპერაციის წინ ტარდება იმ ზონების მარკირება. სადაც უნდა ჩატარდეს ლიპოსაქცია. ოპერაცია იწყება ამ ზონებში სპეციალური ხსნარის შეყვანით.
სპეციალური ბლაგვთავიანი კანულებით, ვაკუუმური საქაჩის საშუალებით, ამოიტუმბება ცხიმი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ატარებს სპეციალურ კომპრესულ თეთრეულს 4 კვირის განმავლობაში.
პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
 

სამუშაოზე დაბრუნება შესაძლებელია ოპერაციიდან 2–3 დღის შემდეგ.
ნაკერები იხსნება 10–12 დღეში. ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნებოდეს მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა ლიპოსაქციის ჩატარების ზონებში, ლიპოსაქციის ზონაში აღინიშნება შეშუპებები და სისხლჩაქცევები, რომლებიც რჩება 2–3 კვირის განმავლობაში.
სასურველი ეფექტის მისაღწევად ოპერაციის შემდგომ პერიოდში სასურველია რეაბილიტაციური პროგრამის ჩატარება, პირველ რიგში ხელის ან აპარატული ლიმფოდრენაჟული მასაჟი, განსაკუთრებით თუ კანზე აღინიშნება ცელულიტი. კანს უნდა მიეცეს მაქსიმალურად და თანაბრად შეკუმშვის საშუალება.
ლიპოსაქციის საბოლოო ეფექტი გამოჩნდება 2–3 თვის შემდეგ.
ფიზიკური დატვირთვა არ იზღუდება. ნაწიბურები არ რჩება.
 
თავი
სხეულის ქვედა ნაწილი